მარი ჟამიაშვილი






ფშავი-ჩემი ყველაფერი

ამასწინათ ერთი ცელქი მზის სხივის გამო, რომელმაც ჩემს ფანჯარაში შემოაჭყიტა, დილით ადრე გამეღვიძა. მინდოდა ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. შემდეგ ავდექი და ფანჯარა გამოვაღე. უცებ ჩემ თვალწინ გაშლილმა ყოველდღიურმა სილამაზემ გამაოცა. განმაცვიფრა ჩემი ფშავის სილამაზემ. იმ ჩიტების ჭიკჭიკმა გამაოცა, რომელთა ხმაც ყურში ძალიან თბილად და ტკბილად ჩამესმის.
შემდეგ ჰაერი მთელი ფილტვებით ჩავისუნთქე და რაღაც ისეთ ხასიათზე დავდექი, რომ სახლში გაჩერება ვეღარ შევძელი. ქურთუკი ჩავიცვი, გარეთ გავედი და ორღობეს ავუყევი. ნელ-ნელა მივდიოდი და თან სიმღერებს ვუსმენდი. გზად ზოგი ნახირს მიერეკებოდა, ზოგი კიდევ საქმიანად ფუსფუსებდა.
ცოტა ხანში სოფლის თავს მივაღწიე და იმ ადგილს ჩამოვჯექი, საიდანაც კარგი ხედი მეგულებოდა. ბალახი ჯერ კიდევ ნამიანი იყო, ჩემს უსაყვარლეს ხეობას კი ნისლები ეხვეოდნენ. ამ ხედის ყურებით ტკბობისას თვალწინ ჩემმა ბავშვობამ გაირბინა. წლებმა, რომლებიც ჩემს საყვარელ ფშავში გავატარე.
განა არსებობს ჩემს წარსულში ისეთი მოგონება, რომელიც სულ მკრთალი სხივით მაინც არ მაკავშირებს ჩემს ფშავთან? არა, არ არსებობს.
ფშავი ის ადგილია, სადაც პირველად გადადგმული ფეხი დავდგი. ფშავი ის ადგილია, სადაც პირველად გამეხარდა, ან თუნდაც პირველად მეწყინა. ფშავი ის ადგილია, სადაც პირველად დავეცი, სადაც პირველი მეგობრები გავიჩინე. ფშავი ჩემთვის ყველაფერია. აქ არიან ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები. აქ ჩემი მთებია. მთები, რომლებიც ძალიან მიყვარს. აქ ცხოვრებამ მე ის სტატუსი მომანიჭა, რომელსაც ფშავლობა ჰქვია.
მეამაყება, რომ ამ მთების შვილი ვარ. არასოდეს, არასოდეს დავიღლები ამ მთების სიყვარულში. ფშავი ჩემი ჰაერია, ჩემი სინათლე და საერთოდ ყველაფერი...






წვიმა

გათენდა. მზე ამოვიდა და მისი ნათელი სხივები დედამიწას მოაფრქვია. ყველა აფუსფუსდა სახლებსა თუ ბაღებში, რომ ნავარაუდევ გაავდრებამდე მოესწროთ თავიანთი საქმე. მალე ძალიან დაცხა. ბავშვების ყიჟინი და ჟრიამული დადგა ქუჩაში. ერთმანეთს წყლით სავსე ბოთლებით და ჭურჭლებით დასდევდნენ, იცინოდნენ, ყვიროდნენ, კისკისებდნენ. მთელ არე-მარეს აცოცხლებდნენ.
მალე მოკრიალებულ ცას და კაშკაშა მზეს ჩუმად შავი, მოქუფრული ღრუბელი შემოეპარა. ცხელი და მზიანი ამინდი სიგრილით შეცვალა. ჩამოვარდა პირველი წვეთი, მეორე, მესამე... მალე კოკისპირული წვიმაც წამოვიდა...

სიცხისგან შეწუხებულ ყვავილებს და ხეებს ქარი ისე არხევდა, თითქოს წვიმის მოსვლა გაუხარდათ და სიხარულისგან ცეკვა დაიწყესო. წვიმამ შეწუხებული არე-მარე გამოაღვიძა. როცა მიხვდა, რომ უკვე საკმარისი იყო, ღრუბლებმა ცრემლები მოიწმინდეს, ტირილი შეწყვიტეს და ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა. ფერდობზე გვირილები გაიპრანჭნენ. მე ცდუნებას ვერ გავუძელი და მათ კრეფას შევუდექი. მინდოდა სახლში წამომეღო, ლარნაკში ჩამეწყო და დავმტკბარიყავი მათი სილამაზით. მოულოდნელად ისევ ისეთი წვიმა წამოვიდა, სახლამდე ვერ მოვასწარი და სულ დავსველდი. ეს ჩემი ფშავია. ადგილი, სადაც შეიძლება ასე იცვლებოდეს ყველაფერი და მაინც ყველაზე ძალიან მიყვარდეს.


No comments:

Post a Comment