ანა გულბათაშვილი






იქნებ...

 როგორც ყველა ადამიანს, მათ შორის მეც მაქვს ჩემი ოცნებები, რომლებიც ყველა ჩემი ნაცნობებების ოცნებებისგან განსხვავდება. მაგალითად, ძალიან მინდა ცნობილი მწერალი გავხდე. წერა ძალიან მიყვარს. როცა ვწერ, სულ სხვა ადამიანი ვხდები, ისევ ის ანა გულბათიშვილი აღარ ვარ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ის, რასაც წერის დროს ვგრძნობ და განვიცდი, ძალიან მსიამოვნებს.  ისეთი აზრები მომდის ხოლმე თავში, რომ მეც მიკვირს. ხშირად მთელი რომანის სიუჟეტს ავაწყობ თავში, ხან როგორ ვცვლი და ხან როგორ ჩემი პერსონაჟების ცხოვრებას. მერე სხვა სიუჟეტებიც რომ მომაფიქრდება ხოლმე, ჩემს თავში სრული ქაოსი იწყება და სურვილი მიჩნდება ფურცელზე გადმოვიტანო. დღიურების წერა ახლა დავიწყე, თუმცა საკუთარ თავზე წერა არც ისე ადვილი ყოფილა. იქნებ ერთხელაც ისეთი რამ დავწერო, ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადოს, იქნებ ფილმიც გადაიღონ ჩემი წიგნის მიხედვით...ეს ჩემი ოცნებები ზოგს სასაცილოდ ეჩვენება, მაგრამ მე მგონია, რომ რაც მთელი გულით გინდა ადამიანს, აგისრულდება აუცილებლად.
 ასეთივე მეოცნებეა ჩემი მეგობარი ბარბარე. მას უნდა მთელი მსოფლიო შემოიაროს, განსაკუთრებით კი ამერიკაში მოგზაურობა უნდა და საერთოდ იქ სწავლა და ცხოვრება.  ფშავის მთების გადმოსახედიდან ეს ოცნებები ისე შორსაა, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ...





სულ სხვანაირი ზამთარი...

დიდი ზვავი ჩამოწვა სკოლის გზაზე!.. -დღეს სწავლა არ იქნება!.. სოფელში ამ ამბით ერთმანეთს ახარებდნენ ხოლმე ბავშვები და ამ მოტივებზე იწყებდნენ ახლად მოსულ, ოდნავ ნაცრისფერ თოვლზე ციგებით სრიალს.
მახსოვს, დედა რომ გადაწევდა ფანჯრის რაფებიდან ფარდებს და სევდიანი ხმით იტყოდა: "მოუთოვიაო"... მე კი დედაჩემის არ მესმოდა. "არა... არა და არააა..." არ მესმოდა, როგორ შეეძლო ადამიანს ხვნეშით ეთქვა: -"თოვლი მოვიდაო!.." ჩვენ ხომ ბავშვებს ეგ უბედნიერეს სიხარულს გვანიჭებდა. "შკაფებიდან" გამოვალაგებდით საგულდაგულოდ ზამთრისთვის გადანახულ ტანსაცმელს. უცბად გადავიცმევდით და ზღვა სიხარულით სავსე თვალებით გავრბოდით გარეთ თოვლში სათამაშოდ.
ყოველ საღამოს გვესმოდა როგორ ეტყოდა მამა დედას:"-თივა დაგვრჩა მთიდან ჩამოსატანიო..." -"დიდი თოვლის გამო სახლში შეშა ვერ მომაქვსო". დედა კი ნაცვლად იმისა, რომ მამასთვის რამე ეთქვა, ერთს ამოიხვნეშებდა, თითქოს ეს იყო მამას ყველა კითხვის პასუხი. მხოლოდ ერთი ამოხვნეშა.
გუშინდელი დღესავით მახსოვს... როგორ ქრებოდა შუქი თოვლის გამო და წამიერად, როგორ ვბრუნდებოდით წინა საუკუნეებში. რამდენიმე დღე. თუნდაც, რამდენიმე თვე. ვერ ვუყურებდით ტელევიზორს. სკოლიდან გათოშილები რომ ვბრუნდებოდით, სასწრაფოდ უნდა გვემეცადინა, რადგან ღამე შუქი არ იყო. მალე მეცადინეობას თუ ვერ მოვასწრებდით, ღამე სანთლის შუქზე შემოვუსხდებოდით ხოლმე ყველანი ერთად, ერთ მაგიდას და ვიწყებდით ხვალინდელი საგნების მომზადებას. შემდეგ კი, როცა სანთელი სულ ჩამოიწვებოდა -ვინღა წავიდოდა თბილისში მის მოსატანად? და მე თითქოს მეჩვენებოდა, რომ ეს თოვლი იყო ჩემი "ყველა უბედურების" მომტანი. ჩემი ყოველი ცივი დღეების მიზეზი. და ვბრაზდებოდი თოვლზე. ვებუტებოდი პატარა ბავშვივით, მანამ სანამ ხელმეორედ არ მოვიდოდა შემდეგი წელი და უკვე ჩვეული ბედნიერების მოლოდინში არ გამახარებდა საახალწლო თოვა...



ფშავის მონატრება

მთელი დღეა არ მასვენებს ეს იდეა, ავდგე და გავეპარო წვიმას. დავბრუნდე იქ სადაც მზის სხივებსაც შეჰფერით ჩემს მოლოდინში დაღლილი დღეების შიში. მონატრებით გაცვეთილი ეს სიყვარულიც კი რა უფერული გახდა შემოდგომის სუსხიანი დღეების მიწურულს. არ მესმის, მეც რაღა ამ ბოლო დროს დამჩემდა ეს მოუსვენელი ფიქრები ვშვობის ფერად დღეებზე. ხო, მე მეშინია! მეშინია სიყვარულის, მეშინია მონატრების, მეშინია მარტოობის... ზოგჯერ ისიც კი მგონია, რომ ეს ართქმული სიტყვებიც კი მელაპარაკებიან. მახსენებენ საკუთარ თავს. სიჯიუტით დაღლილი დღეები მპირდებიან, რომ ვარსებობ. --ნუთუ ესაა ვაშა სიცოცხლე?! საკუთარ თავს ვპირდები, დავბრუნდე ფშავში. მჯერა ძველებურად გავივლი იმ გზას ბავშვობის ფერად დღეებთან რომ მაკავშირებს და ჩემდა გასაკვირად ენით აღუწერელ ბედნიერებას რომ მიტოვებს.
მე შემოდგომის ნიავს გავყვები, ვიფიქრე და გამეღიმა... გავიფიქრე, ალბათ, მთების შუაგულში შუა ღამისას სადღაც რომელიმე "სულის წყაროს" წინ სანთელი ანთია. ნეტა მეც იქ ვიყო!- ამის გაფიქრებაც ერთ წამში მოვასწარი და ღვთიურმა გრძნობებმა, ფრთები წამიერად კვლავ შეისხა
ვიცი, იმის გადმოსაცემად, რასაც ვგრძნობ, ჩემი სიტყვები ერთი წამითაც კი არ მეყოფა. არადა რა უცნაურია ეს გული, სადღაც რომ გამირბის. ვერაფრით შორდება ჩემს ფიქრებით დახუნძლულ ცას... იმ მთებს, მთელი ჩემი ცხოვრება "ზემოდან რომ დამყურებდნენ" ყოველ დილას და მაინც მიუხვედრელი სიყვარულით რომ მიყვარდა. ახლა მათი სიჩუმეც კი ისე ძლიერ მომენატრა. ამას არ ვამბობდი, მაგრამ სატრფოსავით მიყვარდა "ჩემი მდინარის" უმისამართოდ გასროლილი სულის შხეფები... როგორ მომენატრა, მთების შუაგულში ჩაფიქრებულს, რაღაც ამოუცნობი გრძნობების ძიებაში აქეთ-იქით უმისამართოდ ხეტიალი... ზამთრის ეს წელმოწყვეტილი ხეებიც კი როგორ მომენატრა?!.
.. რას წარმოვიდგენდი, ეს მონატრება თუ დააწყებინებდა ადამიანს წერას.



კინო სკოლაში

ფშავში ვცხოვრობ და რა გასაკვირია, რომ კინოში არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა  ჩვენს სკოლაში ხომ საოცარი ამბები ხდება ხოლმე და კინო თვითონ მოვიდა სკოლაში. კიდევ უფრო მეტი...რეჟისორობასა და მსახიობობაზე არც კი მიოცნებია, ისე ამიხდა და პროექტის მონაწილეებმა ერთად გადავიღეთ ფილმი „უკანფშაველნი“.
ზაფხულის თორმეტი საუკეთესო დღე  გავატარე. თორმეტ დღეში თორმეტი ფილმი გვაჩვენეს. ფილმებმა ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა. კამერასთან მუშაობაც ვისწავლე. ფილმის გადაღების პროცესში უამრავი რამ გავიგე კინოს შესახებ და საერთოდ გავეცანი იმ “აურზაურს“, რასაც კინოს გადაღება ჰქვია. ეს მართლაც ნამდვილი ხელოვნებაა. განსაკუთრებით არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც ვაჟაობიდან დაბრუნებულებმა ღია ცის ქვეშ ჩემი კლასელის ბარბარეს ეზოში ვუყურეთ ფილმს „ვედრება“. არ დამავიწყდება ძაღლი ბოთა, რომელიც ეკრანზე გამოსახულ ფიგურებს უყეფდა, რაზეც ძალიან ბევრი ვიცინეთ...




ანას ფშაური სიყვარული

ანას ფშაურ სიყვარულზე საუბარი დავიწყე და არ გეგონოთ ამაში ჩემს თავს ვგულისხმობდე. ჩვენთან,  ფშავში, ყველამ იცის, რომ ეს ყველასთვის ცნობილი ანა კალანდაძის სიყვარულის ისტორიაა, რომელიც აქ დაიწყო. როგორც ყვებიან, ანას ფშაველი ვაჟკაცი ილო ფხოველი შეჰყვარებია. ეს მომხდარა მაშინ, როცა ანა პირველად ჩამოსულა ფშავში, მაგრამ ამ დროს ილო ფხოველი უკვე დაოჯახებული ყოფილა. სწორედ ამ სიყვარულმა დააწერინა ანა კალანდაძეს ფშაური ციკლის ლექსები.  აი მაგალითად:
„ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ<
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
„ გადმოდი გადმოაშუქე
 ლურჯ თხილიანას კალთები
 რა დაშავდება?  არც რაი:
 გახავ და.. გამეხარდები!“

ფშავში და მგონი საქართველოშიც ყველამ იცის ანას ეს ცნობილი ლექსი თეთრახევაზე:
„ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა,
ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა,
შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკჭას,
ლამაზს, ცისფერთოლიანსა,
-წამო ჩემთან!
-უკაცრავად,
ვერ გაგყვები ცოლიანსა!-
ესალმება ფხოვის ტყეებს,
ტყეებს მწვანე მოლიანსა,
დაჯირას და უკადრისას,
სატყრობელას ჭორიანსა...
არაგვისკენ გზას მიიკვლევს,
გზას ძალიან შორიანსა.“

 სწორედ ამ ლექსების საშუალებით  ანა კალანდაძემ ფშავი ყველას გააცნო.
და როგორც ჩვენი სოფლის უხუცესი თეკლა ბებო იტყოდა: „ვინ იცოდა მანამდე თეთრახევა და ფშავიო...“
შუაფხოში ძალიან ბევრს ახსოვს ანა და მისი ფშაური განსაკუთრებული სიყვარული.


დაცემა და ადგომა

როგორც ბებიაჩემი იტყოდა: "რომ დაეცემი, უნდა ადგეო"... ამ ამბავზე კი სულ ზამთარი, თოვლი და ყინვა მახსენდება ხოლმე. ზამთარში დიდი ყინვების გამო სასმელი წყალი იყინებოდა  და შენ შორიდან გიწევდა სახლში წყლის მოტანა. ამ საქმის გაკეთება კი არც ისე სახარბიელო იყო, როგორც ეს შორიდან  ჩანდა. თან როგორი ამბავია, დილით სახლიდან რომ გამოხვალ და "კალისტრებით" ხელში გიწევს დიდი მანძილის გავლა, რომ სახლში როგორმე წყალი მიიტანო. მახსოვს,  ყინულზე რამდენჯერ მისხლტებოდა ფეხი, ვეცემოდი. აი, მაშინ კი უნდა წამომდგარიყავი. ასე ვსწავლობდი ცხოვრებას. ყოველი დაცემის შემდეგ ფეხზე ვდგებოდი და ჩემს დასახულ მიზანს ვაღწევდი. (ამ შემთხვევაში დალურჯებულს მიმქონდა ხოლმე სახლში წყალი)




თავისუფლების დღიურები

7 მარტი
დღეს შვიდი მარტია და დღეს დღეა. მორიგი უაზრო დღე. ვიცი, დღესაც სევდის მორევში გადავეშვები. თუ ბევრი სამეცადინო არ მქონდა, შეიძლება ფიქრებით მეცხრე ცაზეც ავიდე. დღეს ყველაზე მეტად ეს თუ გამახარებს.
ვიცი, გამოუსწორებელი მეოცნებე ვარ…
გამოსწორებას არც ვაპირებ.
მთების შუაგულში თვალები გავახილე და ჩემთვის გავიფიქრე: სკოლა...
ხო, დღეს სკოლაა.
ოოო, როგორ მეზარება ახლა იქ წასვლა. რომ შემეძლოს საწოლიდან ავდგებოდი, სახლიდან გავიპარებოდი და რომელიმე მთის წვერზე ავიდოდი. იქ, სადაც ცა დედამიწას უერთდება და იქ, სადაც დაუსრულებლად შემიძლია ფიქრების ზღვაში დავიკარგო...
რა კარგია ფიქრი!
ყველასა და ყველაფრისგან მოშორებით...
ხშირად წარმომიდგენია ხოლმე, რომ გაშლილ მინდორში ვდგავარ ჩემს საფიქრალთან ერთად. ფიქრებით ყველგან ყოფნა შემიძლია. მათი მშურს კიდეც. კეთილი შურით მშურს...


20 მარტი
დრო გადის და მე თანდათან ვემსგავსები სევდას. ვხდები ადამიანი, რომელიც სევდას სულით თან დაატარებს.
ამის მეშინია კიდეც...
დღითიდღე მემატება სევდიანი დღეების შიში. მეშინია, რომ მარტო დავრჩები, სულ მარტო ამ ცხოვრებაში, გზას ვეღარ გავიკვლევ და გზააბნეული კრავივით დავიკარგები.


21 მარტი
დღეს დილით გავახილე თვალი თუ არა, მომინდა მდინარის პირას ვმჯდარიყავი, რათა ჩემი ამოუცნობი ტკივილი ჩემი ცრემლების მსგავსად წყლისთვის გამეტანებინა. იმედი მაქვს, მდინარე ნებას დამრთავდა. ტირილი მიყვარს. ალბათ, უფრო იმიტომ, რომ ის ერთადერთია, რასაც ჩემი დარდის გაქარწყლება შეუძლია.

22 მარტი
დღეს სკოლაა...
უცნაურია, მაგრამ სკოლაში წასვლას სახლში ჯდომა და წერა მირჩევნია. ვიცი, ვიცი სკოლაში რომ არ დავდიოდე, საწერიც არაფერი მექნებოდა. ვგიჟდები იმ მომენტზე, როცა ოთახში მაგიდასთან მარტო ვზივარ. ყურსასმენები მიკეთია და მუსიკის ფონზე ვწერ, რომელსაც წლების შემდეგ წავიკითხავ ჩემი წარსულის გასახსენებლად.






No comments:

Post a Comment