ერთი დღე
მასწავლებლის ადგილზე
„სასწაულები ხდება წამებში“- ხშირად მიტრიალებს ნიკო გომელაურის ეს სიტყვები გონებაში და ვცდილობ ყოველი წამის სასწაულზე დავფიქრდე...
ვისთვის როგორ, მაგრამ
ჩემთვის ტკბილი და ღიმილის მომგვრელია ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დღე 5 ოქტომბერი. დღე, როცა როლს უცვლი მასწავლებელს და ეს უბრალოდ „თამაში“ გგონია, შეიძლება მოგონებების გაღვიძების მომენტიც იყოს... იმ პერიოდისთვის ე.წ. „ჩემმა მოსწავლემ“ მართლაც გამაოცა. მოულოდნელია, როდესაც გახსენებენ წლების წინანდელს, იმ უბრალო საქმეს, რასაც ელემენტარული ლექსის სწავლაში დახმარება ჰქვია (მოულოდნელია, რადგან მსგავსი არაფერი გახსოვს და ეს პატარაობისას მოხდა). ღიმილით მახსენდება, რადგან ამას ისეთი სახით და ხმით ამბობს, რომ არ შეიძლება არ გამოხატო რეაქცია... ყველაზე კარგი ამ ამბავში კი ის არის, რომ იმ ლექსსაც ზედვე აყოლებს.... :) ამ ყოველივეს მოყოლილი ამბებიც საოცარ ხალხთან ხომ დაუვიწყარი და დაუვიწყარია... ;) მერანივით მქროლავია... სულ ბოლოს კი ისეთი პოეზიის საღამო გამოვიდა, რომ ნებისმიერ გრანდიოზულად დაგეგმილ საღამოს მიჯობდა და მჯობნიც იყო... ამ თბილი დღის ავტორი კი სამი ტკბილი ადამიანია...
თავისუფლების წიგნი
შეიძლება კი რომელიმე წიგნი გამოარჩიო და უპირატესობა მიანიჭო? თითოეული მათგანის წაკითხვისას სხვადასხვაგვარი ემოცია და განცდა გეუფლება. მე მაინც ერთ წიგნს გამოვარჩევდი ახლა...
პირველად რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ მეცხრე კლასში წავიკითხე, ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამაში იყო შეტანილი. სახელმძღვანელოში მხოლოდ ორი ნაწილი იყო მოცემული, წიგნი არ მოგვეპოვებოდა და ამიტომ ირინოლამ ინტერნეტიდან ამომიღო ბოლო ნაწილი, ბოლომდე შემაგრძნობინა სრულყოფილება (საბედნიეროდ ახლა წიგნი მაქვს და ნებისმიერ წამს შემიძლია ბედნიერების შეგრძნება). საოცარი იყო კითხვის პროცესი. ნაწილ-ნაწილ ვკითხულობდით ერთაზე (ფშაურად) ერთი ამოსუნთქვით.
ეს წიგნი ზუსტად განგვიმარტავს ჭეშმარიტების და თავისუფლების არსს, ჩვენი სურვილისამებრ ინტერპრეტირებული თავისუფლების არსს, როგორც გვინდა ისე რომ ვნათლავთ.
წიგნი გასაოცარია, იგი გვიჩვენებს და გვეუბნება, რომ ადამიანის შესაძლებლობები დაუსაზღვრავია. მთავარი კი რწმენაა. მთავარია, გავაცნობიეროთ, გავიგოთ და აღმოვაჩინოთ თითოეულ ჩვენგანში მცხოვრები თოლია ჯონათანი. ის ხომ ყველა ჩვენგანის თანამგზავრია და თუ ამას გავიაზრებთ, ყველაფერი კარგად იქნება...
"თოლია ცისკარა"
მართლაც არ არსებობს საკმარისი სიტყვები, შენი გრძნობები
და განცდები რომ გადმოსცე. აჩვენო ის ადამიანები, რომლებსაც შენს ყოფაში განსაკუთრებული
ადგილი უკავიათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობ...
ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ადამიანი არა მარტო ჩემთვის,
არამედ ბევრისთვის (ეს მე ზუსტად ვიცი) არის დავით აკრიანი, ჩვენში „ბოდლერი“. ჩემი
ამ ადამიანისადმი სიმპატიები განუზომელია. მიზეზი კი ამის ბევრია, ძალიან ბევრი...
მაგიურია ის მომენტი ფშავში, როდესაც ვარსკვლავები ძილბურანში
არიან, იძინებენ და ბუნება თვალის ახელისკენ მიილტვის (დილის ოთხი საათი). ამ მაგიის
დროს ის თარგმნის წიგნებს, რომლებიც შემდეგ ჩვენ ბილიკებს გვიჩვენებენ გზის გაკვლევაში.
„ვდგები ოთხ საათზე, ფუტკრებს ცხრა საათამდე არაფერი სჭირდებათ, ვუჯდები ნოუთბუქს,
რადგან ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, ვიცი ვინ მელოდება, ვიცი თქვენ მელოდებით...“
არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული, რომელიც მეუფლება
იმ წიგნის აღებისას, რომელსაც იგი მაწვდის...
პ.ს. წიგნი რომ მაჩუქა, ასე აწერია-"ცისკარა-თოლია ლივინგსტონის კავკასიელი სინათლისტყუპი". მეგობრებიც "თოლია ცისკარას" უწოდებენ თურმე...
No comments:
Post a Comment