ირინე კალანდაძე




ამბავი იმისა, რომ ოცნებებზე მეტი ხდება...

სრულიად მოულოდნელად და შემთხვევით აღმოვჩნდი ფშაურ სამყაროში, თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება. სულ მაოცებდა ვაჟა-ფშაველას დიდი და საოცარი პოეტური ბუნება, მაკვირვებდა როგორ ცხოვრობდა სადღაც მთაში, როგორ უძლებდა მთის მკაცრ პირობებს. ამასთან ისიც მჯეროდა, რომ მხოლოდ ასეთ ბუნებაში თუ შექმნი, მხოლოდ ასეთ ადგილას თუ იპოვი ნამდვილ ადამიანებს, მხოლოდ აქ თუ იტრიალებს ქართული სული და გული. მე ისიც სულ მჯეროდა, რომ სინამდვილე ოცნებაზე მეტია. განა ოცნებაზე მეტი არაა, რომ მეც ამ სამყაროში მოვხვდი. კიდევ უფრო მეტი, ანას (კალანდაძე) სამყაროში დავიდე ბინა. სწორედ ჩემი დიდი ფშაური ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილა მისი პოეტური მუზა და ფშაური ციკლის ლექსებიც მისთვის მიუძღვნია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია „ვაჟაო, დილის მზის სხივო“ („რა დაშავდება? არც რაი: გნახავ და...გამეხარდები!“).
ეს ისტორიები უკვე ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის. როგორც მითხრეს, მაშინ ილო ფხოველი დაოჯახებული ყოფილა, თორემ ვინ იცის, როგორ გაგრძელდებოდა მათი სიყვარულის ამბავი... აღმოჩნდა, რომ შუაფხოსა თუ თხილიანაში ბევრი იცნობდა ანას პირადად... მეც მეტი რა მინდოდა და ანა კალანდაძის პოეზიის საღამო მოვაწყვეთ მთელი ისტორიებით და ამბებით...  თეკლა ბებომ მითხრა ანა კალანდაძის სულმა გადმოგისროლა აქ, ფშავშიო... ეს რაღაც სიხარულზე მეტი იყო...
აი, ლექსები რომ მომკითხეს მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა, როგორც კალანდაძეს, მაშინ კი შევრცხვი ანასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ფშავლებისთვის ქართულის მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი საზომი არის წერს თუ არა ლექსებს,  ცუდად მქონდა საქმე (ჩემამდე მასწავლებლად ხევსური პოეტი ჰყოლიათ-ტრისტან არაბული). ლამის დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რომ ლექსებს არ ვწერდი თუ ვერ ვწერდი... ბოლოს გიორგი ლეონიძის სიტყვებით გავიმხნევე თავი, რომ პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან...

ლექსების ვერა, მაგრამ დღიურების წერა აშკარად დამაწყებინეს ფშავში...







ნაზი-ჩემი პატარა მეგობარი
ნაზი განსაკუთრებულად ჭკვიანი და ცნობისმოყვარე ბავშვია. მას უკვე თავისი ფილოსოფია აქვს. მზე როცა არ არის, ეს იმიტომ, რომ მგელმა ჩაყლაპა; მტრობა ცუდია, რადგან ყველაფერს ანგრევს, სიყვარული კიდევ-აშენებს. მაგალითიც მოჰყავს: პაპამ ეს სახლი დანგრეული იყო და ააშენა. არც ახსოვს პაპა, მაგრამ ასე ფიქრობს. მართლა სიყვარულმა დაისადგურა ამ სახლში და უკვე ათი და-ძმანი არიან. ადრე ყველაზე პატარა თვითონ იყო, ახლა უკვე დიდად თვლის თავს, რაც ელენე და დავითი გაჩნდნენ. ყველასთვის ცნობილი ლექსიც თავისებურად იცის: „მზე-დედაა ჩემი, მთვარე-მამაჩემი, წვრილ-წვრილი ვარსკვლავები ჩემი დები და ძმები არიან.“ ლექსები კიდევ იცის. ზოგი მარტო, ზოგი კი ჩემთან ერთად. ნაზის მეგობრობა და ექიმობაც კი შეუძლია. როცა ცუდად ვგრძნობ თავს, იცის, რომ მისი ერთი კოცნა მიშველის და არასდროს ამბობს უარს ამაზე. დილით უყვარს ხოლმე თავზე დადგომა და მთელი დღის განწყობას მიქმნის. (აქამდე არ მითქვამს, რომ მის სახლში ვცხოვრობ კიდევ ხუთ მასწავლებელთან ერთად)
ერთი ჩვეულებრივი მოკითხვა შეიძლება ასე გაგრძელდეს...
-აბა, როგორ ხარ?
-ისევ კარგად. (პირველად მესმის ასეთი ფორმა) დღეს გავისეირნოთ სკოლიდან რომ მოხვალ?
-რა გავაკეთოთ, საით წავიდეთ?
-ყვავილები დავკრიფოთ, გვირილები.
-შენ გვირილები გიყვარს ყველაზე მეტად?
-კი, გვირილები და იები, ჩვენ რომ გიტანთ... J
-ნაზიბროლა, რა საყვარელი ხარ! (ეს სახელი მე შევარქვი) შენ რომელი სახელი უფრო გიყვარს?
-რომელიც არ მიყვარდა ადრე-ნაზიბროლა. „ზ“ მიყვარს, მამას სახელშიც „ზ“ არის, ანუ ზაზა. „ი“ მიყვარს კიდევ იმიტომ, რომ იებიც მიყვარს და დედას სახელიც „ი“ ასოზე იწყება.
-მეორე ნაზი რომ იყო შენი ახლობელი, ის სად წავიდა? (რამდენიმე წლის წინ მისი მამიდაშვილი ნაზი ადიდებულმა არაგვმა წაიღო თურმე და ძალიან საინტერესოდ ხსნის ამ მძიმე ამბავს)
-ზევით...სულ...სულ ზევით.
-სად?
-არ იცი, სულ ზევით რა არი?
-რა?
-რა და ღმერთი. მაგიტომ წავიდა. ღმერთის ნახვა უნდოდა. როცა დაბერდები, მაგ დროს შენც ნახავ. მაშინ სათვალეები დაგჭირდება იმიტომ, რომ მაშინ ზოგები ვერ ხედავენ და იქნებ შენც ვერ დაინახო.
-(მოულოდნელად) ვარსკვლავი რო ვარდება, იცი რა სურვილი უნდა ჩაიფიქრო? -რაღაცები (თავად პასუხობს).
-აგისრულდება?
-სინამდვილეში შეიძლება არა, მაგრამ მულტფინში კი, მაგრამ მულტფინში შენ ვერ შეხვალ...
-ირინა, დღეს სკოლაში რატომ არ წახვედი?
-გაბრაზებული ვარ და იმიტომ (დღეს დასვენების დღეა, მაგრამ მაინტერესებს რას იტყვის).
-რომ არ გეტყობა?
(ვცდილობ გაბრაზებული იერი მივიღო, მაგრამ არ გამომდის რამდენიმე უშედეგო ცდის მიუხედავად)
-რა არის, ირინა. ღიმილის მოთმენა როგორ არ შეგიძლია!
გავშრი...რა არ მომითმენია ცხოვრებაში და მაინცდამაინც ღიმილის მოთმენა ვერ შევძელი. იმედია, ვერც შევძლებ J

რამდენს ვიტყოდი კიდევ ჩემს ნაზიბროლაზე, მაგრამ „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო“- ეგრეა ზუსტად...








გიორგი კეკელიძე-ყველაზე „ცოცხალი მწერალი“

ხარება დღეს ხომ განსაკუთრებულ სიხარულს ელოდები ადამიანი. თითქოს ის არ კმაროდეს, ღმერთის მოსვლა რომ ეხარა კაცობრიობას. იმაში კი დავრწმუნდი, რომ დიდი სიხარულის დროს (ასევე დიდი უბედურების) ყველაზე მეტად გრძნობ ღვთის არსებობას. დღეს ასეთი სიხარული არ მქონია, სამაგიეროდ შარშანდელი მახსოვს. დილით ფეისბუქმაც შემახსენა, თითქოს დავიწყებული მქონდა. ზუსტად ხარება დღეს შევძელი მიმეწერა გიორგი კეკელიძისთვის იმის იმედით, რომ დაინტერესდებოდა ფშავით და მასზე შეყვარებული ბავშვებით. სწორედ მათი დაჟინებული თხოვნით დავუკავშირდი, თორემ მისი დატვირთული რეჟიმის შესახებ რომ მსმენოდა, სულაც არ მინდოდა შემეწუხებინა (რას არ გააკეთებ, ბავშვების ხათრით). ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ეს შეწუხება კი არა, მისი ცხოვრებისეული კრედო იყო-იყოს ყველას გვერდით და იყოს იქ, სადაც საჭიროა.
ეს ამბავი იქიდან დაიწყო, როცა წიგნის გაზიარების ერთ-ერთ დღეს „გურული დღიურების“ ახლად გამოსული I ნაწილი გავაცანი ბავშვებს. გურული იუმორით უმალ მოიხიბლნენ, დანარჩენი თავად წაიკითხეს, მეცხრეკლასელმა ანამ კი ყველასათვის მოულოდნელად იკითხა-ცოცხალია გიორგი კეკელიძე?-ცოცხალია კი, სულ რაღაც 32 წლისაა და უკვე ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია, მწერალი, პოეტი, ახორციელებს პროექტ „ეკვილიბრიუმს“ ბიბლიოთეკების განახლების მიზნით და ა. შ. -ავუხსენი, რაც ვიცოდი. თან წამომცდა-თუ ვთხოვთ, შეიძლება ჩვენთანაც ჩამოვიდეს-მეთქი. აქედან დაიწყო ყველაფერი. ზუსტად ანამ აიტაცა ეს იდეა და მოსვენება აღარ მომცა, მერე კი ფშაური დღიურების წერაც დაიწყო. უკვე ჩემი ინტერესიც იყო და ვფიქრობდი, რამდენად საჭიროა არა მარტო მწერლობის დაახლოება ხალხთან, არამედ-მწერლებისაც.
მეც ავდექი და მივწერე, რომ ფშაველი მოსწავლეების სურვილს ვასრულებდი, რომ გურული დღიურების“ სიყვარულით ერთმა ფშაური დღიურების წერა დაიწყო, რომ „ცოცხალი წიგნის“ გაცნობა მათთვის დიდი სტიმული იქნება, რომ ცოტანი არიან, მაგრამ უკანაფშავის თითქმის სრულიად დაცლილი სოფლების ფონზე ეს ბავშვები ფშავის მომავალნი არიან, რომ იმედი გვაქვს გულისხმიერების, რომ მისი კეთილი საქმეების სიაში ჩვენც ვიქნებით და ა. შ... მოლოდინმა გაამართლა და თანაც მაშინვე. შეგვპირდა ჩამოსვლას და ერთი სული მქონდა მეორე დღეს როგორ გავახარებდი ბავშვებს. განსაკუთრებით რომ ანას გაეხარდებოდა, ესეც ვიცოდი... ყველამ გაიხარა  სკოლაში-მოსწავლემ თუ მასწავლებელმა. კარგი დახვედრის მოწყობასაც ვაპირებდით, დრო კი მიდიოდა და უამრავი კეთილი საქმე კეთდებოდა, უამრავი ბავშვი რჩებოდა გახარებული და ბიბლიოთეკა-წიგნებით შევსებული. მე მიხაროდა, რომ ის ყველგან იყო და ვიცოდი ერთ დღეს ჩვენი ჯერიც დადგებოდა.
ეს დღე 4 იანვარი იყო. ადამიანთა უმრავლესობა რომ საახალწლო ამბებშია ჯერ კიდევ, ჩამოხვიდე ფშავში, ჩამოიტანო წიგნები და თუნდაც ყველაზე ურწმუნოები დაარწმუნო, რომ ცოცხალი ხარ და თან როგორი, რომ შეიძლება მაგალითი მისცე, რომ შეიძლება დააფიქრო თუნდაც, ძალიან მაგარი რამეა, ძალიან...

დანარჩენს აღარ გავაგრძელებ... ის კი ვიცი, რომ ყოველ ხარება დღეს ამ ამბის გახსენებაც გამახარებს და იმის სტიმულს მომცემს, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან ბევრ სიხარულს უდრის საკუთრივ შენთვისაც და სხვებისთვისაც.
07.04.2017





 დღიური სპეციალურად ბავშვებისათვის

დღესაც ჩემმა გულმა გაიმარჯვა. როგორც უნდოდა, ზუსტად ისე მატარა. თავი როგორც იქნა დავარწმუნე, რომ კარგ განწყობაზე უნდა ვყოფილიყავი. მგონი, ბავშვებსაც არ უგრძვნიათ ჩემი მოწყენილობა. იმათთან სხვანაირი ვხდები, ყველანაირ განწყობაზე მაღლა ვდგები. ამიტომ მიყვარს ჩვენი ურთიერთობის ის წუთები, გაკვეთილი რომ ჰქვია. მე და მარიამი მზეს ველაპარაკეთ. მახსოვს, მეც მზეს მეძახდა ერთ დროს. ნახატიც დამიხატა მზე და მთვარე ერთად რომ ჩანდა. მზე ვითომ მე ვიყავი, მთვარე კი-თვითონ. სალომე და ბაჩანა შვლის ნუკრის მომავალზე ფიქრობდნენ ისე გულიანად, ვიფიქრე მშვენიერი მომავალი თაობა იზრდება-მეთქი. ნეტავ, არ გადამაფიქრებინონ. თინათინს ბევრი საწერი არ ჰქონია და მეც გული ნაკლებად შემიქანდა. არა, როგორ შეიძლება მისი ნაწერის გამოსწორებაზე ამდენი დარდი. მეცხრე კლასი საბრძოლო განწყობაზე მაყენებს. ერთმანეთს ვეჯიბრებით აზრებში და მთელ ამბებში. ბარბარეს იდეების „მშურს“, ანას საინტერესო კითხვების…
მერე ისევ ჩემი თავი გავხდი, თავი არა და გული. გულმა კიდევ სახლში წასვლას  სკოლაში ყოფნა გირჩევნიაო. გახდა ოთხი, ხუთი და დაიწყო ექვსი. შიგნით მე ვარ, გარეთ მარტია. წავალ, გავუყვები არაგვის ხეობას. როგორც ლია ლიქოკელი იტყოდა, თავს გავისეირნებ, იქნებ რამე ვიჩუქო გზაში. საბედნიეროდ, გზა დიდია... თანაც თოვლის ისეთი ხალიჩაა გაგებული, ისე არის თეთრ სამოსში გამოწყობილი ირგვლივ ყველაფერი, ზღაპარში გეგონება თავი. ბავშვებს პირობა მივეცი, რომ ჩემს ერთ ჩვეულებრივ დღეს გავუზიარებდი დღიურის სახით, თუმცა რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს ვითომ ერთი ჩვეულებრივი დღე სულაც არ იყო ჩვეულებრივი.
23.03.2016









ფშაური ხატობა

ხატობაში ვიყავი დღეს. ფშავში ჩამოსვლის დღიდან ლამის ნატვრად მქონდა ქცეული. დილით, სკოლისკენ მიმავალმა, შესაწირი საკლავი რომ დავინახე, გულში გამკრა-ეს ყოფილა ხატობა, დაკლავენ და იქეიფებენ-მეთქი. სკოლიდან დაბრუნებისას კი გზად დაგვხვდენენ და დაგვპატიჟეს მასწავლებლები. უკვე აღარ ვიცოდი მინდოდა თუ არა ნანატრ ხატობაში წასვლა. ყველაფერი ხომ შორიდან ჩანს ხოლმე ლამაზი და მშვენიერი. რამე ბიძგი მჭირდებოდა წასასვლელად ან არწასასვლელად. ჰოდა, ბავშვებიც გამოჩნდენ. ხომ მოდიხართ, კვერები უნდა გააგორონ და დავიჭიროთო. უკვე დამაინტერესა. თან მაიკო მასწავლებელსაც ხომ არ გავუშვებდი მარტო და წავედი. ხატობაში იმდენი ბავშვი, ქალი თუ კაცი ვნახე შეკრებილი, მიკვირდა საიდან გაჩნდნენ-მეთქი.
-წყალობა ხატისა!
-შენიმც მწყალობელ იყოს!
ასე ვესალმებოდით ერთმანეთს და მეც აქაურობის განუყოფელ ნაწილად ვთვლიდი თავს. ხატობის სუფრაზე ხორცი და ქადა იყო, იქვე ხევისბერი-სპორტულ ფორმაში. მაია მასწავლებელს უკვირს და ამბობს, რომ ხევისბერი თეთრ წვერში და სპეციალურ სამოსში წარმოედგინა მხოლოდ, ასე ვერ აღვიქვამო. მთავარი კიდევ აქაურების რწმენაა. (ხევისბერი თავისი ფუნქციის შესასრულებლად უკანაფშავის სოფელ მუქოდან ჩამოუყვანიათ სპეციალურად, რადგან აქაური ხევისბერი ლაზარე თბილისში იმყოფება). როგორც მერე გავარკვიე, ხევისბერს წესისამებრ დაუკლავს საკლავი, სანთელი დაუნთია, ქადა-პური დაუჭრია და წესიც დაუყენებია. სანამ პურობა დაიწყებოდა და დაილოცებოდნენ, ერთი საინტერესო რიტუალის მომსწრეც გავხდი. ბესო მასწავლებელი იღებდა სპეციალურად გამომცხვარ კვერებს და მინდორზე აგორებდა სათითაოდ. ქვემოთ ბავშვები ხვდებოდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ დაჭერაში. ყველაზე მეტი სალომემ დაიჭირა და არც სხვები ჩამორჩნენ ბევრად.

მოკლედ, გადამდები სიხარული სუფევდა და აღარ მიკვირს რატომ დადიან ხატობებში, რატომ ხდებიან ხატის ყმები და ა. შ...







მაისის ვითომ ჩვეულებრივი დღე

მეგონა, ერთი ჩვეულებრივი დღე იქნებოდა, ჩვეულებრივი ფშაური დღე. მაგრამ თავსხმა წვიმა დაიწყო და თან ისეთი გაუთენებლი დღე იყო, რომ ვერ იგებ საღამოა, თუ დილა. ისე დაუსრულებლად იცის ხოლმე ამ წვიმებმა გადაბმა, როგორც ზამთარში თოვლმა და ყინვამ. მხოლოდ ახლა სითეთრის მაგივრად სიმწვანეა შეპარული ბუნებაში, ხეებიც საყვავილოდ ემზადებიან და გაზაფხული ჯერაც რომ ვერ შეგიგრძვნია გემრიელად ადამიანს, თვალსა და ხელს შუა მიიპარება. ვცდილობ, საინტერესო გავხადო ჩემი დღეები, მაგრამ რა გინდა მოიფიქრო ამ წვიმაში. უნდა ადგე  და წერო, ან იკითხო, ან ქარგო, ან ქსოვო...თურმე რამდენი შეიძლება აკეთო, მე კი სურვილი მიჩნდება ავდგე და გაზაფხულის წვიმას შევუშვირო თავი. ვერ ვბედავ... განა იმიტომ, რომ გაუბედავი ვარ, უბრალოდ გული არ მომყვება, უგულოდ კი არაფერი გამომივა...
ამ უღიმღამო და მოსაწყენი დღის მოლოდინში კი უცებ მზე გამოდის, ანათებს და ათბობს ყველაფერს. სად აქვს მაინც ამდენი ძალა?! ჩაბნელებული და გაციებული დედამიწის განათება და გათბობა ადვილი საქმე ხომ არაა. გავდივარ და ფანჯრიდან პირდაპირ ფშავის მთებს გავყურებ. მთებზე დაწოლილი ნისლები ისე ლამაზად იშლებიან და მიდიან, თითქოს მათაც ფიქრები აეშალათ ჩემსავით.
ნისლიანი მთები აქ ყველაზე ლამაზი სანახაობაა. მალე ბავშვებიც გამოიშლებიან ეზოში და ვიცი დღესაც ბევრი რამით გამახარებენ.
როგორ ვთქვა, რომ ეს ჩვეულებრივი დღეებია...






No comments:

Post a Comment