ჩემი გვარის ისტორიიდან
სოფლის სასაფლაოს ჯერ კიდევ ატყვია ბორცვები, ხიწვა, ჯლუგა და ყოვა ჩორხაულებისა. სამი ბიძაშვილის, სამი განაყრის ბორცვი,
მხოლოდ შთამომავლობას მიანიშნებს მათი არსებობის შესახებ. გადმოცემის თანახმად, ტანმაღალი და ახოვანი ადამიანები თურმე საფლავშიც ძნელად ეტეოდნენ, ძნელად ჩადიოდნენ. ვაჟა - ფშაველას ეთნოგრაფიული წერილებიდან ვგებულობთ, რომ:
"მოკლე საფლავ მოგვივიდა,
არ ჩავიდა ჩორხაული,
ვინც ფეხ - საფლავს გაადიდებს,
იმას მივცეთ, ორი შაური."
ხალხში სხვა ვერსიაცაა გავრცელებული:
"მოკლე კუბო მოგვივიდა,
არ ჩავიდა ჩორხაული,
ჩემს ფეხებს თუ არ ჩავიდა,
ჩავდოთ, ორად მოკაული."
ჩორხაულთ ერთი კარგი დედაქალი ჰყოლიათ. ცუკა დედა, ის ხიწვა ჩორხაულის დედა ყოფილა. მათი შთამომავალნი დღესაც იგონებენ მის ბრძნულ ნათქვამებს, მის საქციელს, "ცუკა დედამ ასე იცოდა-ო"
ჩორხაულების გვარს უფრო დიდი ისტორიაც აქვს... როგორც ამბობენ, ისინი წარმოშობით ხევსურები ყოფილან. "ზენ ბაცალიგოდან" მათი ნამდვილი გვარი კი არაბული ყოფილა. შთამომავლები დღესაც გამოთქმით ამბობენ:
''ზენ ბაცალიგოს თოვა თოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბეგაის ციხესა,
კუთხი მარჯვენა სკდებისა."
ეს გვარი სხვადასხვა ტრადიციული წესისა და ადათის გამო "ზენ ბაცალიგოდან," ფშავში - უძილაურთაში დასახლებულან და ასე, "გადაფშავლებულან." ხალხში და გვარში დღესაც
ამბობენ ლექსს ჯლუგა უძილაურის მამაცობაზე.
"ჯლუგამა უძილაურმა,
ბერდენკა დააგრიალა,
ესროლა ბაწალუკასა
ტარივით დააბზრიალა."
"შორიდან გვიცქერს წარსული“
ინათა. ახალგაკეთებულ სრიალა გზას გავუყევით, რომელსაც ერთი საინტერესო, გამეჩხრებული სოფლისკენ მივყავართ. კახეთის მთავარი გზატკეცილიდან გადავუხვიეთ და თელავისკენ დავადექით გზას. სანამ სოფელ გომბორში შეხვალ, მანამ კიდევ იყრება გზები, ერთი გზა
ივრის ხეობისკენ მიდის - თიანეთისკენ. როგორც კი გადახვალ მდინარე იორს, ხელმარჯვნივ - ბოჭორმა, სიონი, თიანეთის გზაა. ხელმარცხნივ - პირდაპირი გზა სოფელ კოჭბაანში შედის. აქედან შორიდან მოჰკრავთ თვალს ფერდობებზე შეფენილ სახლებს და შეუძლებელია ვაჟას სიტყვები არ მოგვაგონდეს:
"გაღმა სჩანს ქისტის სოფელი,
არწივის ბუდისათვისა,
საამო არის საცქერლად,
დიაცის უბესავითა.''
სოფელი ქისტებისა არ არის, ძირითადად ფშავლებისა და მთიულ - გუდამაყრელებისაა. მცირე დასახლება გახლავთ. "საცქერლად საამო" მართლა არის, მაგრამ სანახავად სევდისმომგვრელია, რადგან 60 ოჯახიდან 20 - 25 მცხოვრებელიღა იქნება დარჩენილი. სახლები გამოკეტილია. სოფელში ცხოვრება კი გაუსაძლისია თურმე, წინანდელთან შედარებით.
ფეფენა ჩორხაულის "დიდი იმპერია"
ფეფენა ჩორხაული უკანა ფშავიდან, ახადიდან იყო - ბერიძე გოჯიტაშვილის ქალი. "მამას ჩემი" იტყოდა, ფეფენა. "ხუთი ათასი სული ცხვრის პატრონი იყო, მისი აურაცხელი მსხვილფეხა პირუტყვით ახადის მთები აჭრებული იყო. "გეჯებით გვედგა თაფლი-ო" ვაჟა - ფშაველას ინიციატივით ფშავ - ხევსურები (უფრო ფშავლები) შირაქის ველისაკენ დაძრულან (გასული საუკინის 10-იან წლებში.
ფეფენას ოჯახი საგარეჯოს რაიონის, სოფელ რუსიანში დასახლებულა
და ჩორხაულზე, რომელთანაც ექვსი შვილი შესძენია. სამი ვაჟი და სამი ქალი. (აქედან ერთი დააკლდა) ნაბოლარა შვილი, (მარგო ჩორხაული) ქმრის სამამულო ომის წასვლის შემდეგ შეეძინა. მას მამა არ ახსოვს. ბავშვობაში თურმე მამის სურათს "პირქვე" გადმოაბრუნებდა, ის მას "უცხო
კაცი" ეგონა.
... ლექსო ჩორხაული თავის ძმისწულთან ნიკო
ჩორხაულთან ერთად 1943 წელს სამამულო ომში გაუწვევიათ, როგორც იქ შემხვედრმა
ნიკო ხაზანიშვილმა
შეატყობინა ოჯახს, თურმე ორივე ნიკოც და ლექსოც ქერჩის მისადგომებიდან გემით გავიდნენ... გემი იმ ღამეს დაუბომბავთ და წყალში ჩაძირულა ასე დაუტოვა ლექსო ჩორხაულმა
ხუთი შვილი ფეფენას. პასუხისმგებლიან, მშრომელ დედაკაცს მას მარტოს წამოუკიდია ცხოვრების ტვირთი ზურგზე. "გუთნის დედაც ვიყავი, კალოსაც ვლეწდი, ნამგალი და ფიწალი ხელიდან არ გამიგდია, ჯოხსაც იმაად შევცქერ, საქმეში ხვუარ გამამადგება" - ეტყოდა ხოლმე შვილიშვილებს ფეფენა.
გამრჯე დედაკაცი ფშავსა და ახადს მიელაპარაკებოდა. საქონ - საყოლის სიხარბე
ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი: ლამაზი და ტანიანი საქონელი უყვარდა, სახელებსაც შესაბამისად ურჩევდა მისი "ლამაზა", "ბელადა," "დელფინა" დღესაც ახსოვთ შვილიშვილებს. "ო, - დეკო ბელადავ!" - ეს ყოველივე მისი ძროხასთან გასაუბრების ფორმა იყო.
ფეფენა თავისი ქმრის სულის
მოსახსენებლად ციკანს დაკლავდა, წყალში დამხრჩვალია, უფრო მოსავალია-ო.
ეს არის მისი "მონაგონი"
საოცარი შენდობის თქმა იცოდა.
"შენთამ - ც
ხელმთა - ც მდნებას იქნება - ო"
"წამოყუდებულ გორის ძირში, სასაფლაოზე თავისი პატარა ეგულებოდა და თვალცრემლიანი აუვლიდა გვერდს, როცა ცხვარ - ძროხას გამწყემსავდა. მთაში დარჩენილ სალოცავებს მიელაპარაკებოდა, თავის ხუთ შვილსა და მათ მონაგარს ავედრებდა. "გმირ კოპალასა და ლაღ იახსარის, "კაცისა და საქონის" გამჩენს ახსენებდა. სწამდა და სჯეროდა, მისი ძვალიც და რბილიც პატიოსნებას ემორჩილებოდა, შრომის შინაგანი მოთხოვნილებით იყო გაჯერებული, უბრალო ადამიანმა
- ''სიცოცხლეშივე დაიდგა ძეგლი" -სამუდამო სამყოფელი კი "წამოყუდებული გორის ძირში" დაიმკვიდრა. 96 წლის ასაკში საოცარი მეხსიერებით დატოვა სააქაო. 15 - 16 წლის შემდეგ შვილები მიიპატიჟა ვანო და ვერა. კიდევ 15 წელი რომ გავიდა გოგი და პავლე ერთი შვილიოღა დარჩა მარგო ჩორხაული, რომელმაც ქალაქურ ცხოვრებას "კოჭბანური" ცხოვრება არჩია სოფელში კვამლი რომ ამოდიოდეს და მამალი ყიოდეს, ფეფენას ცხრა შვილიშვილი და თორმეტი შვილთაშვილი ჰყავს.
პ.ს. მისი ცხოვრების ისტორიას რომ გავეცანი, გამახსენდა ნიკოლოზ ბარათაშვილის "ჰოი
დედანო მარად ნატარნო, რა იქნებოდა რომ ჩვენთა დედათ სულიც თქვენი გამოჰყოლოდათ..."
No comments:
Post a Comment