იოსებ ჯაბანიშვილი



მე
       კარგს იზამთ, თუ გამიცნობთ. მე ხომ ერთ-ერთი ფშაველი ვაჟკაცი ვარ. რა იცით, რაში დაგჭირდეთ. მე ვარ იოსებ ჯაბანიშვილი, 14 წლის, მე-9 კლასის მოსწავლე. ვარ მხიარული და პოზიტიური ადამიანი. ძალიან მიყვარს მეგობრებთან გართობა. ასევე ძალიან მიყვარს სპორტი. კონკრეტულად ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და რაგბი. მუსიკაც მიყვარს. ყველაზე მეტად მაშინ ვმშვიდდები, როცა მუსიკას ვუსმენ, მაგრამ გამორჩეული სიმღერა არ მაქვს, ყველას ვუსმენ. ახლა ფანდურზე დაკვრას ვსწავლობ და იმაზე ვარ გადართული ძირითადად. სწავლის მხრივ ძალიან არ გამოვირჩევი. მიუხედავად იმისა, რომ ვარ ნიჭიერი, ასვე ვარ ზარმაციც, რაც ყველაფერში მიშლის ხელს. მიყვარს კითხვაც, მაგრამ რომ მაძალებენ, ეგ-არა. ანუ მიყვარს დამოუკიდებლად აზროვნება.
   მოკლედ, ვარ ძალიან საინტერესო პიროვნება.






ხატობა ფშავში


ბევრი საინტერესო რამ ხდება ჩვენთან ფშავში, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს ხატობები. ხატობა გიორგობასაც იმართება ხოლმე. ამ დროს ხალხი უბრუნდება თავის კერას და აქედან წასვლა უკვე ძნელია. ხატობას იკვლება საკლავები, ხევისბერი ჭრის ქადებს და ჩემი ოჯახიც იღებს მონაწილეობას, რაღა თქმა უნდა. აუცილებელი წესია ბავშვის ხატში გაყვანა და ამისთვისაც სპეციალურად ჩამოდიან ხოლმე ფშავიდან წასულები. წელს ხატობა ყველაზე კარგი იყო, რაც მე მახსოვს, რადგან ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ. ბიძაჩემი კახეთიდან ჩამოვიდა ხატობისთვის. საერთოდ ძალიან უყვარს აქაურობა. ბევრი ფშაური ლექსი იცის და ხატობაშიც ამბობს ხოლმე. ხევისბერმა დასაკლავ ცხვარს შუბლზე ბეწვი შეუტრუსა სანთლით, მერე თავი მოჭრა და მოხარშეს... ბოლოს საერთო სუფრასთან დავსხედით. ხევისბერმა სახელი შეუდო სუფრას ანუ დალოცა და მერე სადღეგრძელოები ითქვა. სადღეგრძელოების შემდეგ ფეხზე ვდგებოდით. ასე გრძელდებოდა დაღამებამდე, ანუ 6 საათამდე. ბოლოს მწვადები შეიწვა, დამთავრდა ხატობა და წამოვედით. გზაში ყველას ასე ვესალმებოდით-წყალობა ხატისა! ისინიც გვიბრუნებდნენ-შენიმც მწყალობელ იყოს!









ნათლიაჩემის სტუმრობა სკოლაში

      შემოდგომის ერთი დღე იყო. სკოლაში პოეზიის საღამოს ვაწყობდით, უფრო სწორად „ფშაურ ლექსთაცვენას“. განსაკუთრებულ სტუმარსაც ველოდებოდით-დავით აკრიანს. ჩემი ნათლიაა, მაგრამ სხვებისთვის როგორც მთარგმნელი, ისეა ცნობილი. გვიან, მაგრამ მაინც მოვიდა. მეც დარწმუნებული ვიყავი, რადგან შეგვპირდა, აუცილებლად მოვიდოდა, თუნდაც ფეხით. მე და ჩემი კლასელი გიორგი ვცდილობდით თავი მოგვეწონებინა და ფანდურის თანხლებით ვკითხულობდით ლექსებს. თვითონ ძალიან ორიგინალურად გვიკითხავდა. სანამ დაიწყებდა, დიდხანს ჩერდებოდა, თითქოს ლექსის სამყაროში გადადიოდა. ბოლოს გვითხრა, რომ ლექსითვე დაგვემშვიდობებოდა და ასეც მოიქცა. ნელ-ნელა გავიდა დარბაზიდან. მე და გიორგიმ გავაცილეთ და ბევრ საინტერესო რამეზე გვესაუბრა. ასე ვთქვათ, დაგვარიგა, როგორ უნდა გაგვეგრძელებინა ცხოვრება. თითქოს თავიდან გავიცანი ჩემთვის ისედაც ახლობელი ადამიანი. მისი ნათარგმნი „თოლია ჯონატან ლივინგსტონი“ რომ წავიკითხე, საბოლოოდ მივხვდი, რატომ უწოდებს საკუთარ თავს თოლიას კავკასიელ ტყუპისცალს.

No comments:

Post a Comment